14 ნოემბერი 2023
დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საკრებულოს შენობაში დიაბეტის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას სამედიცინო აკადემიური განათლების ლიგა საქართველოს თავმჯდომარე, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წევრი რამაზ ყურაშვილი უძღვებოდა.
როგორც მან აღნიშნა, წელს დიაბეტის მსოფლიო დღის თემაა „იცოდე შენი რისკი, იცოდე რა უნდა გააკეთო საპასუხოდ!“. მისი თქმით, ამ თემატიკას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგანაც მოიცავს არა მარტო მედიცინას, არამედ განათლებას, სოციალურ ასპექტებს და საზოგადოების მხარდაჭერას.
დღესვე,კონფერენციის მონაწილეებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დიაბეტის პრევენციის ძირითად
გზავნილებზე ისაუბრეს,რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის და ცხოვრების წესის ცვლილებით არის
შესაძლებელი.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ დიაბეტი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
მან მადლობა გადაუხადა ექიმებს: „მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დიაბეტით დაავადებულთათვის უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდებასა და მზრუნველ გარემოს“.
მისი თქმით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ პაციენტთათვის საჭირო სერვისების მიწოდებას და კვლავაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობისა და გაფართოებისთვის.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიაბეტის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.