23 მარტი 2026 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უძღვებოდა. კომისიის წევრებმა განათლებისა და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე გიორგი ონიაშვილის, ნელი გურგენიძისა და ჯიმშერ გუჯაბიძის საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხები განიხილეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, სხდომაზე აღნიშნა, რომ თბილისში, ბაზალეთის ქ. N7-ში, ცხოვრობდა ეროვნული და გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიების ლაურეატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ონიაშვილი. მისი დამსახურებაა საქართველოში თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის დანერგვა-გავრცელება და მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტში დაპროექტებული და აგებულია სპეციალური ორიგინალური მოწყობილობა-დანადგარები. საკითხი განსახილველად კომისიის წევრებს გიორგი ონიაშვილის შვილმა მიხეილ ონიაშვილმა წარუდგინა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, ი. ჭავჭავაძის გამზირ N16-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საზოგადო მოღვაწის, საპატიო აკადემიკოსის, ღირსების ორდენის კავალრის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საპატიო სიგელის მფლობელის, ნელი გურგენიძის, მემორიალური დაფის განთავსებას ეხებოდა. საკითხი განსახილველად კომისიის წევრებს ნელი გურგენიძის დამ ქეთევან გურგენიძემ წარუდგინა.
დღესვე კომისიის წევრებმა ბავშვთა გამოჩენილი უროლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ღირსების ორდენის კავალრის ჯიმშერ გუჯაბიძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხზე იმსჯელეს. ჯიმშერ გუჯაბიძე დავით აღმაშენებლის გამზირ N70-ში ცხოვრობდა. საკითხი განსახილველად კომისიის წევრებს ჯიმშერ გუჯაბიძის შვილმა დავით გუჯაბიძემ წარუდგინა.
კომისიის წევრებმა გიორგი ონიაშვილის, ნელი გურგენიძისა და ჯიმშერ გუჯაბიძის მემორიალური დაფების განთავსების საკითხებთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციები გასცეს, რომლებიც განსახილველად თბილისის მერიაში არსებულ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.