თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ, 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
კომისიის სხდომაზე, განათლებისა და კულტურის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა წარმოადგინა.
მაკა ნასრაშვილის განცხადებით, კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში ყოველწლიურად მერიის ხელშეწყობით და დაფინანსებით საშუალოდ ხორციელდება 250-დან 300-მდე კულტურულ-შემეცნებითი პროექტი. მისი თქმით, გასული პერიოდის განმავლობაში „შემოქმედებითი თბილისის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 300-მდე, ხოლო „ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 120-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კულტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომისიის წევრებმა ანგარიში ცნობის სახით მიიღეს და დადებითი რეკომენდაციები გასცეს.