24 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა და სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიების თავმჯდომარეები ბექა მიქაუტაძე და შალვა ოგბაიძე უძღვებოდნენ.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა და სატრანსპორტო საკითხთა კომისიების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წევრებს მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ , რომელიც მიმწოდებლებს უდგენს ქვეპროგრამაში მონაწილეობის დამატებით პირობებს.
კერძოდ, წესის მოქმედი რედაქციის მიხედვით, დადგენილია ტარიფები, რომელთა ფარგლებშიც უნდა მოხდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების მიწოდება. მათ შორის არის მედიკამენტი „ფინგოლიმოდი“ (1 კოლოფი/28 კაფსულა), რომლის მიწოდებასაც, წესის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მიმწოდებლი უნდა ახდენდეს – არაუმეტეს 1846 ლარის ტარიფით, თუმცა 2026 წლის პირველი მარტიდან, აღნიშნული მედიკამენტის ფასი შემცირდა და უკვე შესაძლებელი გახდება მისი 1500 ლარის ტარიფით მიწოდებაც. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება აისახება წესში და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად - ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის მიმწოდებელი უნდა უზრუნველყოფდეს ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბი“ 600 მგ (1 ფლაკონი) – არაუმეტეს 5300 ლარის, „ოკრელიზუმაბი“ 920 მგ (1 ფლაკონი) არაუმეტეს 10 600 ლარის; „ფინგოლიმოდი“ (1 კოლოფი/28 კაფსულა) – არაუმეტეს 1500 ლარის ტარიფით მიწოდებას.
ასევე, სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
დადგენილების პროექტის თანახმად, ცვლილება შედის დადგენილების „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-2 და მე-3 მუხლებში. კერძოდ, ზუსტდება, თუ რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეები ქვეპროგრამაში ჩასართავად და ზუსტდება იმ დოკუმენტის გამცემი ორგანოსა და ასევე თავად დოკუმენტის დასახელება, რომლითაც დადასტურდება 100 წლის და მეტი ასაკის, დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეთა 1 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტში.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე ასევე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-81 დადგენილების საფუძველზე, უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ცნობად მიიღეს. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, წლის განმავლობაში უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით, დედაქალაქის 654 ათასზე მეტი მცხოვრები სარგებლობს (31 კატეგორია).
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.