02 მარტი 2026 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიასთან და კომისიის წევრებთან ერთად სოციალური მზრუნველობის სააგენტოს ეწვია.
საკრებულოს წევრებმა სოციალური მზრუნველობის სააგენტოს ხელმძღვანელ თენგიზ ფოფხაძესთან და მის მოადგილეებთან ანა კაკაბაძესა და ნათია მოდებაძესთან ერთად გარემო დაათვალიერეს და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სააგენტოს ხელმძღვანელობამ საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა უფლებების მიზნით გატარებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, სოციალური მზრუნველობის სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა მათ სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
„დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად თბილისის მე-200 ბაგა-ბაღის შენობაში არსებულ სოციალური მზრუნველობის სააგენტოში ვიმყოფებოდი, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვაში, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაშია ჩართული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის ჩატარება, კოორდინირება, ადმინისტრირების უზრუნველყოფა ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობის შექმნის უმნიშვნელოვანესი პროცესია. ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა კი თითოეული ჩვენგანის ვალია", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.