11 ივლისი 2023
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა: ოთარ გრიგოლიამ, ლევან ჟორჟოლიანმა, ავთანდილ ცინცაძემ, კახა ლაბუჩიძემ, ლევან არველაძემ და შალვა ოგბაიძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული ე.წ. შემოერთებული ტერიტორიების სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა დავით დევიძემ, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ბოხაშვილმა, გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ივანე ცარციძემ და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ექიზაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს მასთან დაკავშირებული საკითხები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება და მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რადგან მოსახლობისთვის ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს სარეგისტრაციო წარმოების სწორად წარმართვას.
სამუშაო შეხვედრა წყნეთის, წავკისის, ტაბახმელას, შინდისის, კვეხეთის, კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის, ახალდაბის, დიღმის, დიდგორის და ძველი ვეძისის დასარეგისტრირებელი/დასაზუსტებელი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ეხებოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, დეტალურად განიხილეს ის პროცედურები, რომელთა საშუალებით მიწის სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება და საკითხების დადებითად გადაწყვეტისთვის სამომავლო ღონისძიებაზე შეთანხმდნენ.