21 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს წევრის ლუკა ძაძამიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პირადი განცხადების საფუძველზე. საკითხი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა განისაზღვრა 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათასი ლარით, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 99 მილიონი ლარით.
დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანხები შემდეგ პრიორიტეტზე გადანაწილდა:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა 656 მილიონ 339 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 278 მილიონ 531 ათასი ლარი. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 292 მილიონ 760 ათასი ლარი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 47 მილიონ 491 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრინველყოფა - 182 მილიონ 384 ათასი ლარი. განათლება - 300 მილიონ 602 ათასი ლარი. გრძელდება დაწყებული პროექტების დაფინანსება. კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა- 50 მილიონ 558 ათასი ლარი.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ქეთი კანდელაკიშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში ცვლილება წარადგინა.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს გიორგი კობიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის რამდენიმე მისამართზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ თბილისში, გორგასლის ქ. N 34 არსებული სამშენებლო ობიექტის დასრულების მიზნით, გამოყენებული ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ რიგი სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა.
დეპუტატებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ", ასევე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ ქუჩების სახელდების საკითხები წარადგინა.