რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან და ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
საბაგიროს რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა და კეთილმოეწყო ქვედა სადგურის ინტერიერი. წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც ქვედა და ზედა სადგურებს და მათ შორის არსებულ ხუთ საყრდენ ანძას აერთიანებს.
სადგურებს შორის გონდოლები 5 მ/წმ-ის სიჩქარით იმოძრავებს. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4.07 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.
რეაბილიტირებული საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციას გადაეცა. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.
საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყო 1 300 კვადრატული მეტრის ფართობის სკვერი, სადაც ავთენტური განათების ბოძები დაიდგა, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, აღდგა ორი შადრევანი, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და განთავსდა ახალი საპარკე ავეჯი; ასევე მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.