07 მარტი 2024
ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში კლუბის „60+ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ წევრების გამოფენა და კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა კლუბის წევრების მიერ შესრულებული ნამუშევრები და მუსიკალური ნომრები.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ პროექტი თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებითა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პარტნიორობით ხორციელდება.
საანგარიშო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ხელმძღვანელი ნინია მაჭავარიანი, ხოლო ღონისძიებას „60+ კლუბის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ პროექტის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„მართლაც განსაკუთრებული პროექტია. კლუბის წევრები არიან მაგალითი ყველასთვის. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და ჯანმრთელობა ვუსურვო. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და დღევანდელი დღეც სწორედ ამის დასტურია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„60+ კლუბი“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.
კლუბის წევრებს საშუალება აქვთ აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები, გაეცნონ ახალ ინფორმაციებს.
მოწვეული სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ აქტივობებს, რომლებიც სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იქნა შემუშავებული. ხორციელდება სამი სხვადასხვა სახის აქტივობა - ვარჯიში, ხატვა და მუსიკა. კლუბის წევრები ესწრებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებსა და არტთერაპიას - ხატვა, მუსიკა.