19 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები ნიკოლოზ კახეთელიძე და ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდნენ. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
თბილისის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა განისაზღვრა 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათასი ლარით, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 99 მილიონი ლარით.
დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანხები შემდეგ პრიორიტეტზე გადანაწილდა:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა 656 მილიონ 339 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 278 მილიონ 531 ათასი ლარი. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 292 მილიონ 760 ათასი ლარი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 47 მილიონ 491 ათასი ლარი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრინველყოფა - 182 მილიონ 384 ათასი ლარი. განათლება 300 მილიონ 602 ათასი ლარი. კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა 50 მილიონ 558 ათასი ლარი.
გაერთიანებულ სხდომაზე კომისიების წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს.