04 ივლისი 2023
თბილისის საკრებულოს წევრი ნინო წულაძე CELA - სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტის ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა.
პროექტი, რომლის მიზანი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვა და აქტიური მოქალაქისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორუფციისა და საჯარო ინფორმაციის მოპოვება/გამოყენების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებას და მიზნის მისაღწევად, აქტიური შეხვედრების ჩატარებისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელების მნიშვნელობას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ბენეფიციარებმა პრაქტიკულად იხილონ, თუ როგორ მუშაობს, იმართება და ფუნქციონირებს საქართველოში სხვადასხვა ოფიციალური ორგანო, მათ შორის, თბილისის საკრებულო.
ნინო წულაძემ სტუმრებს მათივე მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დეტალურად გააცნო საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა, ფუნქცია-მოვალეობები.
საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობას, დანაშაულებრივი შემთხვევების აღმოფხვრის და შემცირების მიმართულებით ბრძოლის სტრატეგიას და ოპოზიციის როლს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტების შეკითხვებს ნინო წულაძემ უპასუხა.