27 ნოემბერი 2023
თბილისის საკრებულოს და პარტია „ ანა დოლიძე საქართველოსთვის“ წევრმა ნინო წულაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა. მან ისაუბრა დაბა კოჯორში სოფელ კიკეთში სატყეო ზონის მოსალოდნელი გასხვისების შესახებ.
„გამოიკვეთა ქართული ოცნების გუნდის მორიგი სავარაუდო კორუფციული ინტერესი სატყეო ზონასთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს, ტყეების გასხვისება ჩინოვნიკების ოჯახის წევრებზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი იგეგმება აუქციონის წესით 2019 წლის ახალი გენგეგმით დადებული სატყეო ფუნქციური ზონირების გასხვისება „ქართული ოცნების“ გუნდთან დაახლოებულ პირზე. როგორც ქონების მართვის ეროვნული სააგენტო იუწყება, დაინტერესებული პირი სავარაუდოდ არის ბესიკ აბესაძე, რომელსაც აქამდეც მიუმართავს მსგავსი ტენდენციისთვის. ის ყიდულობს სატყეო ზონებს საბაზრო ღირებულებით დაბალ ფასად და შემდეგ მიმართვას ტერიტორიის ადგილმონაცვლეობას თბილისის საკუთრებაში არსებულ სხვა სივრცეებზე უფრო მაღალ ფასად. შესაბამისად, ეს არის სავარაუდოდ კორუფციული სქემა,“- განაცხადა ნინო წულაძემ.
ნინო წულაძის განცხადებით, კიკეთის სატყეო ზონას 2019 წელს შეეცვალა ზონირება, მანამდე 2014 წლის გენგეგმით, მასზე საცხოვრებელი ზონა 1 ვრცელდებოდა. როგორც ნინო წულაძემ განაცხადა, ამ ტერიტორიის გასხვისებით და ხეების გაჩეხვით თბილისს ეკოლოგიური და ურბანული ზიანი მიადგება.