13 ოქტომბერი 2025 თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნინო რუხაძემ 2024-2025 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ნინო რუხაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს კომისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენისას ნინო რუხაძემ ყურადღება გაამახვილა გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მთავრობების (United Cities and Local Governments, UCLG) საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობაზე. დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობების ყველაზე მსხვილ მსოფლიო გაერთიანებას წარმოადგენს.
გაერთიანებული ქალაქებისა და მთავრობების ორგანიზაციის ფარგლებში ნინო რუხაძე არის იმ სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან ადგილობრივად არჩეულ პოლიტიკური მანდატის მქონე 5 პირს და რომელიც შეიმუშავებს ორგანიზაციის ახალ პროცედურულ წესებს.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ნინო რუხაძის საქმიანობის მთავარი მიზანი იყო სამართლებრივი გარანტიების შექმნა, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდეთ დაშვება ორგანიზაციის სისტემაში, მათ შორის მის რეგიონულ სექციებში.
ნინო რუხაძემ აღნიშნა, რომ მისი და ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (Council of European Municipalities and Regions) ძალისხმევით, გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მთავრობების აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და გაეროს რეზოლუციები ორგანიზაციის ფარგლებში სათანადოდ უნდა იყოს დაცული და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე მდებარე ე.წ. მუნიციპალურ ერთეულებს და მათ წარმომადგენლებს მსოფლიო ორგანიზაციაში წვდომა არ უნდა ჰქონდეთ. ამის გარდა, ორგანიზაციის ახალი პროცედურული წესების პროექტში მისი ინიციატივით გაკეთდა ჩანაწერი, რომ ორგანიზაციის რეგიონულმა სექციებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარ სექციებში საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და გაეროს რეზოლუციების დაცვა, რათა არ მოხდეს ამ გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მთავრობების რეგიონულ ორგანიზაციებში მართლსაწინააღმდეგო და არალეგიტიმური წარმონაქმნების გაწევრიანება.
ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პროცედურულ წესებს, მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრის ნინო რუხაძის მიერ ინიცირებულ ჩანაწერს, კენჭი უახლოეს დღეებში ჩინეთში ეყრება გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მთავრობების მსოფლიო საბჭოს სხდომაზე.
პრეზენტაციაზე ნინო რუხაძემ საანგარიშგებო პერიოდში საკრებულოს სხდომებში მონაწილეობაზე, დადგენილებებისა და განკარგულებების განხილვასა და მომზადებაზე მუშაობის შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიისა და გარემოს დაცვის კომისიებში თავის საქმიანობაზეც მიაწოდა.
ამას გარდა, ნინო რუხაძემ დამსწრეთ სამუშაო შეხვედრების, სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის და საერთაშორისო ვიზიტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა და კოლეგებს საკრებულოში საქმიანობის პერიოდში ერთობლივად განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.