03 სექტემბერი 2025 ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერთან გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასიალაიასთან ერთად გაეცნო. ახლადრეაბილიტირებული ქუჩის გახნას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები. კერძოდ, შეიცვალა ძველი და დაზიანებული წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ელექტროსადენები კი მიწისქვეშ განთავსდა; განახლდა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები.
ამასთან, მოეწყო ტროტუარი და ჩატარდა საგზაო სამუშაოები - დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა გზაგამყოფი ზოლები და მოეწყო ზებრა გადასასვლელები. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, განახლდა და დაემატა საპარკინგე სივრცეები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კი მოეწყო პანდუსები.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები: გამწვანდა 55 თარგი, 2 000 კვ.მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, 800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი.
აწყურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6,5 მლნ ლარით დაფინანსდა.