დედაქალაქის საკრებულოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, წლიური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2023-2024 წლებში უფლებამოსილების ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებდა.
თინათინ ნიბლოშვილმა პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას - საბჭოს ფორმატში გამართულ შეხვედრებს საჯარო და კერძო უწყებებთან, დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ისაუბრა საბჭოს მიერ ინიცირებულ საკითხებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მნიშვნელოვან საკითხად შეაფასა საბჭოს ინიციატივით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შემუშავება და დამტკიცება. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მიღებული დოკუმენტით დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა ის ორგანოა, სადაც სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტი პირველად ამოქმედდა.
თინათინ ნიბლოშვილმა ანგარიშში ხაზი გაუსვა გენდერული აუდიტის დოკუმენტს, რომელიც მზადების პროცესშია. ეს დოკუმენტი იქმნება თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, თანამონაწილეობით და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია ორგანიზაციის პოლიტიკის გენდერული ანალიზი - მისი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების შეფასება გენდერულ ჭრილში და აღნიშნული პოლიტიკის გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, დოკუმენტი შეისწავლის და შეაფასებს რამდენად ეფექტიანად ხდება ორგანიზაციულ საქმიანობაში გენდერული საკითხების ინტეგრირება; ასევე დაადგენს აუდიტის მომენტისათვის გენდერული მეინსტრიმინგის დონეს, რომელიც შემდგომში ორგანიზაციის მიერ გამოყენებული იქნება პროგრესის შესაფასებლად.
თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს ეგიდით უკვე წლების განმავლობაში მიმდინარე პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიებზე „შენი სიცოცხლე შენს ხელშია" და „ვარდისფერი ოქტომბერი", რომელთა მიზანი ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის შესახებ ცნობიერების გაზრდაა; აგრეთვე კამპანიაზე „არა ქალზე ძალადობას", რომლის მიზანს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
დღესვე საბჭოს თავმჯდომარემ ციფრულ ეკონომიკაში ქალთა გაძლიერების ხელშეწყობასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსისთან" მემორანდუმის ფორმატში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და მნიშვნელოვნად შეაფასა პროგრამა, რომელიც ონლაინ სივრცეში ელექტრონული უსაფრთხოების პრინციპების ხელშეწყობასა და ძალადობის მსხვერპლი ქალების პრევენციას გულისხმობს.
თინათინ ნიბლოშვილმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის კიდევ ერთი პროექტი გამოყო, რომელსაც საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ახორციელებს და მეწარმე ქალების საქმიანობის მხარდაჭერასა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებულ ყველა ღონისძიებაში თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წევრები და სხვადასხვა თემის წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ინდირა რობაქიძე - თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების კრიზისული ცენტრის დირექტორი; ნანა მაჭარაშვილი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი; ხათუნა ჭინჭარაშვილი - ონკოსაზოგადოება H.O.P.E.-ს დამფუძნებელი და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველო" წევრი; ეთერ კიღურაძე - ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი; მათე ტაკიძე - კოლეჯ „სპექტრის" დირექტორი; ნინო ბურძენიძე- მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში. დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.