16 მაისი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი კოლეჯ „მერმისის" ადმინისტრაციას შეხვდა და დირექტორთან, ნონა ღუდუშაურთან, ერთად სასწავლო პროცესს გაეცნო.
მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შექმნილი პროექტის „ისწავლე და დასაქმდი" ფარგლებში, რომლის მიზანია სამუშაოს მაძიებელთათვის, მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების შეთავაზება და შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ვიწრო სპეციალიზაციის კადრებით უზრუნველყოფა, 2018 წლიდან კოლეჯმა პროფესიული ხელობის 26 მიმართულებაზე 1600-მდე ადამიანი გადაამზადა.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, პროფესიული განათლების როლი, ერთი მხრივ, მოკლე დროში კვალიფიციური კადრის შექმნასა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი - ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას.
„პროფესიული განათლება არ არის მხოლოდ პროფესიის მიღება - ეს არის გზა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისკენ, ეკონომიკური გაძლიერებისა და ქვეყნის წინსვლისკენ. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც ამ კოლეჯში წარმატებით ხორციელდება, არის ძლიერი საფუძველი ადგილობრივი ეკონომიკისა და სოციალური სტაბილურობისთვის", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კოლეჯ „მერმისში" სწავლება ინოვაციური მეთოდების გამოყენებით და ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. პროექტი წელიწადში ორჯერ ხორციელდება, 2025 წლის საგაზაფხულო ეტაპის 11 პროგრამაზე 130 ადამიანი სწავლობს. სწავლება მიმდანარე წლის 2 მაისიდან დაიწყო.