10 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თავის მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. ფორუმში, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ Aqualia-სა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით იმართება, საქართველოს მთავრობის, მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და წყლის სექტორის წამყვანი ოპერატორები მონაწილეობენ.
ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე გამოვიდნენ. გამოსვლებში ხაზი გაესვა წყლის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების, ეკონომიკური პოლიტიკისა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის კონტექსტში.
ფორუმზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, წყლის სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებზე, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკასა და მართვის მომავალ ხედვაზე, წყლის პოლიტიკისა და რეგულირების არქიტექტურაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელობაზე, სატარიფო სისტემების გლობალურ მოდელებსა და ადგილობრივ რეალობაზე, ასევე საქართველოში საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირზე იმსჯელებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის როლს მდგრადი სისტემების ჩამოსაყალიბებლად.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ხვალ გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით საქართველოს, როგორც რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის ჰაბად ჩამოყალიბების, პოტენციალზე იმსჯელებენ. როგორც ფორუმზე განაცხადეს, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ინსტიტუციური განვითარება და საერთაშორისო პარტნიორობის ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას, საქართველომ შეასრულოს საკვანძო როლი რეგიონში წყლის სექტორის განვითარების დღის წესრიგის ფორმირებაში.
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინვესტიციებსა და სოციალური სამართლიანობის ბალანსს, როგორც წყლის სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის აუცილებელ პირობას. განიხილება ისეთი მიდგომები, რომლებიც, ერთი მხრივ, იცავს მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის რესურსს ინფრასტრუქტურის განახლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.