31 ოქტომბერი 2023 თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი იწყება, რომელიც წინასწარ დადგენილი გრაფიკით მოქალაქისათვის უფასოდ მიწის ნაკვეთების აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად გააცნო.
ევროპის მოედანზე გამართულ ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლების, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მიწის სისტემური რეგისტრაცია თბილისში ეხებათ მიწის ნაკვეთების მფლობელებს, რომელთაც არ აქვთ რეგისტრირებული საკუთრების უფლება.
თბილისის მერიის ინიციატივით განისაზღვრა მიწის სისტემური რეგისტრაციის არეალები.
გეგმა-გრაფიკი: ახალდაბა - 2023 წლის ოქტომბერი; ბეთანია - 2023 წლის ოქტომბერი; კვესეთი - 2023 წლის ოქტომბერი; კიკეთი-საღორისი - 2023 წლის ოქტომბერი; წყნეთი - 2023 წლის დეკემბერი; კოჯორი - 2024 წლის თებერვალი; ტაბახმელა - 2024 წლის აპრილი; შინდისი - 2024 წლის აპრილი; წავკისი - 2024 წლის აპრილი; ძველი ვეძისი - 2024 წლის ივლისი; დიდგორი - 2024 წლის ივლისი; დიღომი - 2024 წლის ივლისი. მიწის სისტემური რეგისტრაცია თბილისში ზემოხსენებული დასახლებების გარკვეულ არეალებს მოიცავს.
იმისთვის, რომ მოქალაქემ გაიგოს, არის თუ არა რეფორმის მონაწილე, უნდა ეწვიოს პლატფორმას - MAPS.GOV.GE და გადაამოწმოს მონაცემები.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უფასოა შემდეგი მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზება; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება; საკადასტრო მონაცემების ცვლილება; საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია; საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აზომვა და მონაცემების დაზუსტება; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება;
შერჩეულ არეალებში პროექტი შეეხება დაახლოებით 27,684 მიწის ნაკვეთს (4,264 ჰა)
პროექტის განხორციელებისათვის საორიენტაციოდ საჭიროა 7 780 999 ლარი. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი, პროექტის განხორციელება 2024 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 - 2024 წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულიად უფასოდ არეგისტრირებს.