05 ივნისი 2025 თბილისში მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი სახელწოდებით „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ გაიხსნა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ფორუმზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ინოვაციების, განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების, ცირკულარული ეკონომიკის, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტენდენციების, 8000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და სხვა თემების შესახებ იმსჯელებენ.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. ფორუმზე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გამოვიდა. მან სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტების არარსებობის გარდა, მშვიდობა არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ თანასწორობას, სოციალურ სამართლიანობას, შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამ პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. ზურაბ აბაშიძის თქმით, ფორუმზე ადგილობრივი პოლიტიკის დღის წესრიგი და საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტებიც განიხილება, რაც მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს თავიანთი როლი გლობალური ტენდენციების შესაბამისად გაიაზრონ.
„თანამედროვე სამყაროში, როდესაც ქვეყნების ეკონომიკები მეტად ურთიერთდაკავშირებული და ერთმანეთთანაა ინტეგრირებული, საერთაშორისო დონეზე განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება პირდაპირ ან ირიბად აისახება ადგილობრივ ეკონომიკაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტების მიმოხილვა მუნიციპალიტეტებს საშუალებას მოგვცემს ჩვენი როლი გლობალური ტენდენციების შესაბამისად გავიაზროთ და მოვემზადოთ როგორც გამოწვევების საპასუხოდ, ისე შესაძლებლობებისთვის, იქნება ეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა თუ კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ეს პროცესი კი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დისკუსიები, იდეები და დასკვნები პრაქტიკულ შედეგებად იქცევა როგორც კვლევებში, ისე პოლიტიკის ფორმირებასა და კონკრეტულ მუნიციპალურ გადაწყვეტილებებში.
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება. ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025