კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბერი’’ ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა. კამპანია უკვე წლებია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ოქტომბერში ტარდება. აღნიშნულ კამპანიაში თბილისის საკრებულო აქტიურად მონაწილეობს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ძუძუს კიბოს პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, რაც შეიძლება მეტმა ქალმა უნდა იცოდეს სკრინინგის პროგრამის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
„ვარდისფერი ოქტომბერი’’ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს პრევენცია და ამ დაავადების დროული აღმოჩენა. მოგეხსენებათ, რომ დღეს სკრინინგის პროგრამა სრულიად უფასოა და მას სახელმწიფო აფინანსებს. თბილისის საკრებულო უკვე წლებია აქტიურადაა ჩართული საინფორმაციო კამპანიებში, რომ რაც შეიძლება მეტმა ქალმა იცოდეს ამ შესაძლებლობის შესახებ“- განცახადა თინათინ ნიბლოშვილმა.