09 იანვარი 2024
თბილისის საკრებულოსა და ააიპ „ქართველ-სომეხთა კავშირის“ ერთობლივი ინიციატივით და სომხეთის ფარაჯანოვის სახელობის მუზეუმის მხარდაჭერით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში დიდი რეჟისორისა და ხელოვანის, სერგო ფარაჯანოვის, სახელობის შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება, რომელიც წელს სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, კონკურსანტების ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მიმართა და განაცხადა, რომ მსგავსი ხასიათის ღონისძიებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი მოტივაციისთვის.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ვიხსენებთ ცნობილ კინორეჟისორს, სცენარისტს, მხატვარს - სერგო ფარაჯანოვს. მისი ორიგინალური შემოქმედება, საკულტო ფილმები დღემდე აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში. სერგო ფარაჯანოვის მიერ შექმნილმა ჯადოსნურმა, ფერადმა სამყარომ სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო კინემატოგრაფიაში. სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსი 2015 წლიდან იმართება. ვფიქრობ, რომ დღევანდელი და მსგავსი ხასიათის სხვა ღონისძიებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი მოტივაციისა და წახალისებისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის მიზნებსა და მნიშვნელობაზე საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, რიტა ხიდირბეგიშვილმაც, ისაუბრა. მისი თქმით, კონკურსი თბილისის საკრებულოსა და სომხეთის ფარაჯანოვის სახელობის მუზეუმის მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანი შემოქმედებითი განვითარების კუთხით ახალგაზრდა თაობის წახალისება, ასევე თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, სერგო ფარაჯანოვის, შემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
ღონისძიებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად თბილისის საკრებულოს წევრები და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა ღონისძიების ბოლოს კონკურსში გამარჯვებულებს სიგელები გადასცეს.