თბილისის საკრებულოს და თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით, ,,ევროპა დონა საქართველოს'' და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით, თბილისის საკრებულოში ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების და ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო. ღონისძიება კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბერი" ფარგლებში გაიმართა.
გამოფენის მონაწილეებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნათია მოდებაძე მიესალმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე, „ევროპა დონა საქართველოს" პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი და „ევროპა დონა საქართველოს" საბჭოს წევრი, ონკოსაზოგადოება H.O.P.E.-ის დამფუძნებელი ხათუნა ჭინჭარაშვილი.
მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. ამ თვეს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს და სიმბოლურად მას „ვარდისფერ ოქტომბერს" უწოდებენ. „ვარდისფერი ოქტომბერი" 1997 წლიდან აღინიშნება.