27 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა საბა ბუაძემ და ლილე ლიპარტელიანმა ბრიფინგი გამართეს.
საკრებულოს წევრებმა ყოფილი ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრეს.
მათი განცხადებით, არსებული პროექტი რისკების შემცველია, თუმცა თბილისის მერია და საკრებულო გეგმავს აღნიშნული პროექტის დამტკიცებას.
„ამ პროექტის განხორციელებას ბევრი პრობლემა მოჰყვება, მათ შორის სატრანსპორტო თვალსაზრისითაც. გმირთა მოედნის ტერიტორია დღის ნებისმიერ მონაკვეთში არის გადატვირთული და ამ მოცულობის მშენებლობა არის უბრალოდ დაუშვებელი. ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისითაც არსებობს პრობლემა. მშენებლობა მდინარე ვერეს ყველაზე პრობლემურ კალაპოტის ნაწილში არის დაგეგმილი, სადაც 2015 წლის 13 ივნისის დღეს წყალმოვარდნის ყველაზე დიდი ნაკადი დაფიქსირდა, თუმცა ამ პრობლემებით არავინ ინტერესდება“,- განაცხადეს საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა.
საბა ბუაძემ და ლილე ლიპარტელიანმა ქართულ ოცნებას მოუწოდეს გაიწვიონ პროექტი, ვინაიდან, მათივე თქმით, მისი განხორციელება უდიდეს ზიანს მოუტანს ქალაქს და დიდ რისკებს წარმოშობს.