24 მარტი 2026 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო, ასევე სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
კომისიების წევრებმა სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.
დღესვე თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და რამდენიმე შპს-ს შორის გამოცხადებულ აუქციონის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების მოწონების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი გააცნო.
მისი თქმით, ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს საიჯარო ქონებაზე (თითოეულ მიწის ნაკვეთზე) არანაკლებ 30 (ოცდაათი) კვტ. დადგმულ სიმძლავრეზე გათვლილი ელექტრომობილის დასამუხტი ჭკვიანი აპარატის განთავსება, მომხმარებლისათვის შესაბამისი სერვისის მიწოდების მიზნით.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: უზრუნველყოს ყოველწლიური საიჯარო ქირის 501 306.80 ლარის გადახდა, თანაბარწილად ყოველ სამ თვეში ერთხელ პერიოდულობით.
გიორგი კობიაშვილმა ასევე რამდენიმე მისამართზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის, გაცვლის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით და იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარმოადგინა.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.