26 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს 2025 წლის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ვახტანგ ლომჯარიას მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
განიხილეს ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე- ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №16-ში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხი, რომელიც სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით შენობის ავარიულობის ხარისხი მე-5 ან მე-4 უნდა იყო, ამასთან კონკრეტულ მისამართზე მცხოვრებთა 100%-ის თანხმობაა საჭირო გამოსყიდვისთვის. მისივე თქმით, პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
სერგო ბირკაძემ წარადგინა ასევე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მცხოვრებთა კომპენსაციის" ქვეპროგრამა და თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" ლიკვიდაციის დაწყების შესახებ პროექტი.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თაკალვაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების და თბილისის რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხები წარადგინა.
სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა „თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ" საკრებულოს დადგენილებები წარადგინა.
პროექტის თანახმად, მტკიცდება თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესები.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს გიორგი კობიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც რამდენიმე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ თბილისის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება, ფრაქციებისთვის 2026 წელს შრომითი ხელშეკრულებით ასაყვან პირთა წლიური სახელფასო ლიმიტის დაწესების და საკრებულოს თანამდებობის პირთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილებები წარადგინა.
ნინო ვარდოსანიძემ საკრებულოს წევრებს გააცნო მოსკოვის გამზირზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში, შპს „მეტი დეველოპმენტის" და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების საკითხი.