05 ივნისი 2023
თბილისი ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტის (CEMR) შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრაში ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტთან ერთად ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა საბჭოს, შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, ფინეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის და კვიპროსის დელეგაციები, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, ასევე საქართველოს რამდენიმე რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეხვედრის ფარგლებში შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიასა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანთან ერთად წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ. სტუმრებს ახალგორის გამგებელმა გელა შერმადინმა უმასპინძლა და მათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, გელა შერმადინმა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ ისაუბრა და უცხოელ სტუმრებს ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო, რომლებიც წეროვანში ბოლო დროს განხორციელდა.
შვედეთის დელეგაციის წევრები დევნილთა დასაქმების მაჩვენებლით და ახალგაზრდების განათლების საკითხებით დაინტერესდნენ. როგორც ახალგორის გამგებელმა განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად სამრეწველო ობიექტებში არის დასაქმებულნი, ახალგაზრდები კი უმაღლესი განათლების მისაღებად ძირითადად თბილისში მიდიან.
შვედეთის დელეგაციისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა ახალგორის კულტურის სახლი, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი, სპორტული სკოლა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო დაათვალიერეს, რის შემდეგაც უცხოელი სტუმრები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
დღესვე თბილისის საკრებულოს წევრები და შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.