04 სექტემბერი 2023
3-9 სექტემბერს თბილისს, უკრაინის ქალაქ ლვოვის მოსწავლეები სტუმრობენ. 12 მოსწავლე, კონკურსის „ლვოვის ახალგაზრდა ნიჭიერის“ გამარჯვებული და Mykola Lysenko Lviv national music academy-ს მოსწავლეები დედაქალაქში და კახეთში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს და კონცერტებს დაესწრებიან. უკრაინელი მოსწავლეები დღეს თბილისის საკრებულოს სტუმრობენ.
საკრებულოში უკრაინელ მოსწავლეებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე შეხვდნენ.
გიორგი ტყემალაძემ უკრაინელ მოსწავლეებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენთან სტუმრად ხართ. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენთვის უკრაინელი ხალხი ძალიან ძვირფასია. უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. თქვენ ალბათ შეამჩნევდით უკრაინის დროშებს, როგორც საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, ასევე სხდომათა დარბაზში. ეს არის ჩვენი სიმბოლური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც კარგად იცის, რა არის ოკუპაცია და აგრესია. მინდა გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ტყემალაძემ უკრაინელი და ქართველი ხალხების კულტურულ და ისტორიულ მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ნინო რუხაძემ განაცხადა, რომ ქართველებს და უკრაინელებს არაერთი თვისება აერთიანებთ. მისი თქმით, ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა სიმართლის და სამართლიანობის გამძაფრებული განცდა. ნინო რუხაძის განცხადებით, სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს.
უკრაინელმა მოსწავლეებმა უკრაინული სიმღერები და საგალობლები შეასრულეს.
უკრაინელი მოსწავლეების თბილისში ერთკვირიანი ვიზიტის მხარდამჭერები ქალაქ თბილისის მერია და თბილისის საკრებულო არიან.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს გარდა, უკრაინელი მოსწავლეები თბილისის მუზეუმებს, ფოლკლორული ანსამბლის „მართვეს“ სტუდიას, ეროვნულ გალერეას, ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ სტუდიას ეწვევიან. შეხვედრები გაიმართება ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ნიკოლოზ რაჭველთან. უკრაინელი მოსწავლეები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს და წინანდლის მუსიკალურ ფესტივალს ეწვევიან.