20 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა განისაზღვრა 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათასი ლარით, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 99 მილიონი ლარით. გაიოზ თალაკვაძემ ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ბიუჯეტის პროექტის განხილვის გარდა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე რამდენიმე ქუჩისა და სკვერის სახელდების საკითხები განიხილეს, რომლებიც კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.
ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ სკვერს მეფე ერეკლე II - ის სახელი მიენიჭება. კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთს, სულიკო თორთლაძის ქუჩას და ერთ შესახვევს თაბორის მთის ქუჩის სახელი, ხოლო კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთს სპორტსმენის, კალათბურთელის სულიკო თორთლაძის სახელი მიენიჭება.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის IV შესახვევისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის სახელის, ისნის რაიონში, ნავთლუღის I დასახლების VIII შესახვევის მონაკვეთისთვის ელისაბედ ორბელიანის I ჩიხის სახელის, სამგორის რაიონში, მიხეილ გრიგორაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევისთვის მიხეილ გრიგორაშვილის I შესახვევის სახელის, იმავე სამგორის რაიონში, ანდრია გუგუშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის კორნელი სანაძის სახელის მინიჭების საკითხებს.