23 იანვარი 2026 თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, დღეს თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული შედეგებისთვის 236 სპორტსმენი დაჯილდოვდა. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
დღესვე დედაქალაქის მერიამ სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული პროექტიც გამოავლინა. გასული წლის საუკეთესო პროექტად თბილისის საკრებულოში ინიციირებული პროექტი „თბილისის სასკოლო ლიგა“ დასახელდა. სიმბოლური ჯილდო საკრებულოს წარმომადგენლებს თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ გადასცეს.
ღონისძიებას, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს წევრები, ასევე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, პარლამენტის წევრები, სპორტული უწყებებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, თბილისელი სპორტსმენები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
დღევანდელ ღონისძიებაზე გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო თბილისელი სპორტსმენი მამაკაცი სანდრო ბაზაძე გახდა, წლის საუკეთესო თბილისელი სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი, წლის საუკეთესო თბილისელი პარასპორტსმენი მამაკაცი - გიორგი ქალდანი, წლის საუკეთესო თბილისელ პარასპორტსმენ ქალად კი ნინო თიბილაშვილი დასახელდა.
წლის საუკეთესო პარასპორტსმენ მამაკაცს - გიორგი ქალდანს სიმბოლური პრიზი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გადასცა. მან სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი მათ მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს.
„ჩვენი სპორტსმენები თავიანთი გამარჯვებებით ყოველდღიურად დიდ სიხარულს გვჩუქნიან და მათ ჩვენგანაც ეკუთვნით ზეიმი. თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა იმ პროექტებით, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. თქვენ ახალგაზრდა თაობებს აძლევთ მაგალითს, რომ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა კი ჯილდო წლის საუკეთესო პარასპორტსმენ ქალბატონს, ნინო თიბილაშვილს გადასცა. შალვა სუთიაშვილმა მადლობა სპორტსმენებს წარმატებებისთვის, თბილისის მერიას კი სპორტის აქტიური მხარდაჭერისთვის გადაუხადა.
წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება 2018 წლიდან იმართება. ამ დროის განმავლობაში თბილისის მერიამ 931 სპორტსმენი დააჯილდოვა.