30 იანვარი 2026 მიმდინარე წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა, რომელთან დაკავშირებითაც საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა თბილისის მეტროს ცხრა ღვაწლმოსილი თანამშრომელი, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მეტროს საქმიანობაში, თბილისის მერმა კახა კალაძემ კი მადლობის სიგელები გადასცა სპეციალური სამმართველოს - „თბილმეტრომშენის“ ყოფილ თანამშრომლებს თბილისის მეტროს მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
გარდა ამისა, საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს, რომელთაც კახა კალაძემ თბილისის მერიაში უმასპინძლა და სპეციალური სიგელები გადასცა.
მეტროს მშენებლობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1951 წელს მიიღეს. 1952 წელს ჩამოყალიბდა თბილისის მეტრომშენის სამმართველო, რომელიც სათავეში ჩაუდგა მშენებლობის პროცესს.
მეტროს მშენებლობა 1953 წელს შეჩერდა და მხოლოდ 1960 წელს განახლდა. ის მსოფლიოში 26-ე, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში მეოთხე იყო. 1965 წლის 28 ნოემბერს მემანქანე ნოე ლაცაბიძემ ხაზზე პირველი საცდელი მატარებელი გაიყვანა. თბილისის მეტრო 1966 წლის 10 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, 11 იანვარს კი ყველა მგზავრისთვის ამუშავდა.
თავდაპირველად, თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ექვსი სადგურით: „დიდუბე“, „ელექტროდეპო“, „ოქტომბერი“, „ვაგზლის მოედანი“, „მარჯანიშვილი“ და „რუსთაველი“ ემსახურებოდა. 1966 წელს თბილისის მეტროს მომსახურებით 21,5 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. მეტროსადურების მშენებლობა და ექსპლუატაციაში შესვლა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა.
აშენდა მეტროს მეორე - საბურთალოს ხაზი, რომელმაც სადგურის მოედანი საბურთალოს დაუკავშირდა.
ამჟამად, თბილისის მეტრო 23 სადგურისგან შედგება, ხოლო მეტროს ფუნქციონირებაში და შეუფერხებელ მუშაობაში სულ 2 800-მდე თანამშრომელია ჩართული.
ბოლო წლების ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვან პროექტი 23-ე მეტროსადგურის - „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მშენებლობის დასრულება იყო, რომელიც ოფიციალურად 2017 წელს გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 3.5 კმ; დასრულდა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა სამშენებლო სამუშაოები, გაკეთდა მეტროდან ოთხი ამოსასვლელი; აშენდა „დელისი“ - „ვაჟა-ფშაველას“ მონაკვეთის მეორე გვირაბიც.
მგზავრთა კომფორტული, სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
კერძოდ, სრულად განახლდა თბილისის მეტროს 560 კმ სიგრძის ძალოვანი სადენები და 32 გამნიავებელი, რაც გადაუდებლად აუცილებელი იყო ენერგოუსაფრთხოების კუთხით; მიმდინარეობს მეტროსადგურების რეაბილიტაცია, უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია დამატებით 12 მეტროსადგურის სრული განახლება; შესყიდულია თანამედროვე სტანდარტების მეტროს 111 ვაგონი. ვაგონების ჩანაცვლების პროცესი გაგრძელდება მოძრავი შემადგენლობის სრულ განახლებამდე; იგეგმება თბილისის მეტროს პირველი ხაზის დაგრძელება, როგორც გლდანის, ისე ვარკეთილის მიმართულებით; მოეწყობა „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელები.
ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს
თებერვალი 03,2026
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებსა და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შორის შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 03,2026
დედაქალაქის ბიუჯეტი 296 მილიონი ლარით გაიზარდა
იანვარი 30,2026