22 აპრილი 2026 დედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართა.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორ გიორგი პაპავასთან და კომისიის წევრებთან, ვაჟა კოკაიასთან და ალექსანდრე მუკათარიძესთან, ერთად მიიღო.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა გარდა, აქციაში სტუდენტები და საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ.
„დღეს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. მადლობა „თბილსერვის“ ჯგუფს და მის ყველა თანამშრომელს ამ აქციის ორგანიზებისთვის, რომელშიც თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია თავის წევრებთან და თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მოსწავლეებსა და სპორტსმენებს შევთავაზეთ. მოხარული ვარ, რომ ეს შეთავაზება ჩვენმა ახალგაზრდობამ დიდი ენთუზიაზმით მიიღო“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
აღნიშნული აქციით, რომელშიც სპეცტექნიკა იყო ჩართული, თბილისის ზღვის გარკვეული ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ, სამგორის მხარე, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა.