24 აგვისტო 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ.
როგორც საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუცია არის სუვერენიტეტის განმტკიცების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და წესრიგის, სამართლიანობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონსტიტუციის სტაბილურობა პირდაპირ აისახა სახელმწიფოს სტაბილურ განვითარებაზე, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად იქცა, რომელიც სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს განსაზღვრავს.
კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.