15 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა და შენობის ფასადის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოხატა. უბედური შემთხვევის გამო დაშავებულ პირს კი, რომელსაც ამ დროისთვის კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობის ფასადის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების გამო, დაშავებულს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ უდიდეს მწუხარებას"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება თავად კორპუსის მდგომარეობას, მას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. თბილისის მერიამ მოსახლეობას ჩანაცვლების პროგრამით კორპუსის დემონტაჟი და ნაცვლად ახლის მშენებლობა შესთავაზა, თუმცა მობინადრეებმა გასვლაზე უარი განაცხადეს.
ამ ეტაპზე ადგილობრივი მცხოვრებლები დროებით სხვადასხვა სასტუმროებში არიან გადაყვანილნი.