29 სექტემბერი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე თბილისის N21 საჯარო სკოლისა და გერმანიის ქალაქ ჰომბურგის ზაარპფალცის გიმნაზიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის ისტორიულ დარბაზში გამართული შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა. ზურაბ აბაშიძემ ქართველ და გერმანელ სტუმრებს მუნიციპალიტეტის მუშაობაზე ინფორმაცია მიაწოდა, ქართულ-გერმანულ საგანმანათლებლო ურთიერთობებზე ისაუბრა და საკრებულოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
სტუმრებს სიტყვებით ასევე მიმართეს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძემ და მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ.
თბილისის N21 საჯარო სკოლაში გერმანული ენა სპეციალური, გაძლიერებული პროგრამით ისწავლება და რეგულარულად ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, რომელთა დროსაც მიმღები სკოლა საკუთარ ქვეყანას, მის სოციალური და ეკონომიკური ვითარებას, ასევე რეგიონის ისტორიას და კულტურას წარმოადგენს.
თავის მხრივ, სტუმრებმა სკოლებს შორის თანამშრომლობაზე და გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრის შემდეგ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ქართველმა და გერმანელმა სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.