13 ივნისი 2025 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ყვავილებით შეამკო.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 2015 წლის, 13 ივნისი უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო, თუმცა დიდ ტკივილთან ერთად, 13 ივნისის ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. ზურაბ აბაშიძის თქმით, მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს.
"13 ივნისის ტრაგედია უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის - ზუსტად 10 წლის წინ თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება. დიდ ტკივილთან ერთად, ეს დღე ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.