07 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა შობის დღესასწაულზე ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს წევრებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს შობა მიულოცა და მეალილოეებს საშობაო ნობათი გადასცა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, შობა-ახალი წლის დღეებში ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებს შორის განსაკუთრებული სულიერი ერთობა ისადგურებს.
„ქრისტეს შობა გვახსენებს სიყვარულისა და სიკეთის მნიშვნელობას, იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი საზოგადოება. ალილო კი საუკუნოვანი ტრადიციაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. ეს არის დღესასწაული, როდესაც სიხარული ქველმოქმედებას ერწყმის. გილოცავთ ქრისტეს შობას! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და იმედით სავსე მომავალს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შობის დღესასწაულზე მეალილოეებმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის ლოცვით და გალობით გავლით ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დაასრულეს.
ალილოს მონაწილეებს მსვლელობის დროს მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა. შემოწირულება ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.