09 იანვარი 2026 თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი 17 მილიონზე მეტი ლარით იზრდება და მისი მოცულობა 2 210 558,2 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დღეს საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაა.
დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებები საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. ცვლილებები დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში 2026 წლის 1 იანვრისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით განხორციელდება. კერძოდ: იზრდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯების გარდა, გაზრდილ ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და რაიონის გამგეობების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
აღნიშნულის გათვალისწინებით ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდება.