27 აპრილი 2026
თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის № 5-8 დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა. წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება ჯამში 84 მილიონ 849 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 591 მილიონ 827 ათას ლარს. წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ კომისიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, კომისიამ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ 11 ორგანიზაციაში, მათ შორის: საქალაქო სამსახურებში, რაიონულ გამგეობებსა და ა(ა)იპ-ებში საფინანსო საქმიანობა შეისწავლა. კომისიის სამდივნოს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე რაიონულ გამგეობებსა და მუნიციპალურ ორგანიზაციებს რეკომენდაციები გაეგზავნა.
აღნიშნული საკითხების გარდა, თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურმა წარადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამაში ცვლილება გააცნო საკრებულოს წევრებს, რომლის მიხედვითაც „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესს" ემატება მომსახურების ახალი კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგი, ქვეპროგრამა მოიცავს ფილტვის კიბოს სკრინინგს 45-75 წლის ასაკის ჩათვლით, ორივე სქესისათვის.
სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისერვის ჯგუფს" შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით" ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის თანხმობის მიცემის პროექტი.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) გრანტის მიღებასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „GrCF2 W1 - თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი - აქტივების მართვის გეგმის" შესახებ გრანტის ხელშეკრულების გაფორმებაზე განკარგულების პროექტი გააცნო საკრებულოს წევრებს.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი პროექტები დაამტკიცეს და რამდენიმე მისამართზე მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩების სახელდების საკითხები წარადგინა.