30 იანვარი 2026
თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 296 მილიონ 420 100 ლარით იზრდება და 2 მილიარდ 506 მილიონ 978 300 ლარს შეადგენს. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. გაიოზ თალაკვაძემ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებზეც გაზრდილი თანხები გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
საკრებულოს სხდომაზე იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა რამდენიმე დადგენილების პროექტი წარადგინა, მათ შორის ქონების მართვის სააგენტოსა და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან გათავისუფლების შესახებ. გიორგი კობიაშვილმა რამდენიმე მისამართზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია\ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებსა და ზონალურ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ ქუჩების სახელდების საკითხები წარადგინა.