20 მარტი 2024 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო. დღესასწაული ძველ თბილისში, აბანოთუბანში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ნოვრუზ ბაირამი ჩვენს იმ თანამოქალაქეებს მიულოცა, რომლებიც ამ ლამაზ, უძველეს დღესასწაულს აღნიშნავენ.
„ნოვრუზ ბაირამი მშვიდობის, სიკეთის, იმედის და განახლების დღესასწაულია. ამ დღეს უკვე მრავალი საუკუნეა აღნიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხი. თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, ვუსურვებ ბარაქას და დღეგრძელობას, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრებას", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომლის შემდეგაც სტუმრებს აზერბაიჯანული ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდნენ. მასპინძლებმა და სტუმრებმა, ტრადიციის თანახმად, კოცონი დაანთეს.
ნოვრუზი ახალ დღეს, ბაირამი კი დღესასწაულს ნიშნავს. ამ უძველეს დღესასწაულს გაზაფხულის ბუნიაობაზე აღნიშნავენ.საქართველოში „ნოვრუზ ბაირამი" საერთო-სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.
აბანოთუბანში ნოვრუზის დღესასწაულს აზერბაიჯანის ელჩი, ფეიგ გულიევი, ყაზახეთის წარმომადგენლები, თურქმენეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.