27 დეკემბერი 2023 თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ესწრებოდა.
ღონისძიებაზე სპორტსმენები სპორტის რამდენიმე სახეობაში, კერძოდ, კრივის, კარატეს, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, კანოეს, ძიუდოს, ფარიკაობის, პარაძიუდოს, მკლავჭიდის, პარამკლავჭიდის, უშუს, ათლეტიზმის, სამბოს, კიკბოქსინგის, პარაწოლჭიმის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ასევე საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ, საკრებულოს წევრებმა- ვლადიმერ ბოჟაძემ და გივი ჩხარტიშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სხვებმა.
,,ჩემთვის დიდი პატივია იმ ადამიანების დაჯილდოება, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქალაქი და გამარჯვების სიხარული მოგვიტანეს.
ჩვენ მივესალმებით როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო სპორტის განვითარებას. ქართული სპორტისა და სპორტსმენების ხელშეწყობა თბილისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია, ამისთვის თბილისის მერია და საკრებულო ერთობლივად არაერთ პროექტსა და პროგრამას ვახორციელებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც გავაგრძელებთ’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ, სპორტსმენებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიებას, რომლის მიზანი წარმატებული თბილისელი სპორტსმენების წახალისება, სპორტის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, თბილისის საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერიისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.