27 ნოემბერი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ გუანჯოუში იმყოფებოდა.
გიორგი ახვლედიანი ვიზიტის ფარგლებში, გუანჯოუს ნაციონალური სახალხო კონგრესის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ლი ქსაო ჩინს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ დამეგობრებულ ქალაქს (გუანჯოუ და თბილისი) შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გაამახვილეს სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე, გუანჯოუში თბილისის დღეების ჩატარებაზე, თბილისში გუანდონგის პროვინციის ნაწარმის გამოფენაზე, სატრანსპორტო პოლიტიკის გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიმართულებით დახმარებაზე. (პროვინციაში 50% ელექტრო მანქანა გადაადგილდება).
შეხვედრა ასევე შედგა გუანჯოუს საზღვაო პორტის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესთან იუან იუესთან და ასევე სტარტაპებისა და ბიზნეს-აქსელერატორის ხელმძღვანელთან.
გიორგი ახვლედიანმა შეხვედრები ასევე გუანჯოუს ცენტრალური ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, ჰანჯია ჟონგთან გამართა. გუანჯოუს ეროვნული ბიბლიოთეკა ვიზიტორების რაოდენობით მსოფლიო ათეულში შედის და მას დღეში საშუალოდ 25 000-30 000 მომხმარებელი ჰყავთ.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ახვლედიანმა საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენა დაათვალიერა, რომელიც რამდენიმე კვირისა წინ გაიხსნა და რომლის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი თვითონ გიორგი ახვლედიანია. ფოტოგამოფენაზე საქართველოდან საერთო ჯამში 50-ზე მეტი ფოტოა წარმოდგენილი.
გიორგი ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრები შაოგუანის მერის მოადგილესთან, გაო დონგრუისთან გამართა, სადაც მხარეები თბილისსა და შაოგუანს შორის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შაოგუანის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენრის უფროსთან ჟუ ქსინ ხიუ, კი შაოგუანსა და თბილისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გიორგი ახვლედიანს ასევე საგარეო ურთიერთობათა ასოციაციის საპატიო წევრად დანიშვნის შესახებ სიგელი გადაეცა.
ვიზიტის დროს ქალაქ ცინდაოს მერიის მოწვევით თებერვალში საკრებულოს დელეგაციის გამგზავრება დაიგეგმა.