23 თებერვალი 2026
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" დირექტორს ნიკოლოზ არაგველს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტზე ისაუბრა. როგორც ნიკოლოზ არაგველმა განაცხადა, დადგენილება შესაბამისობაში უნდა იყოს კანონთან, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ.
აღნიშნული საკითხის გარდა, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს. საკითხი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ წარადგინა.
გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.