22 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე, კომისიის წევრებთან არჩილ ნიჟარაძესთან და შალვა პერანიძესთან ერთად, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს ესტუმრა. სტუმრებს დაწესებულების აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ყვავილაშვილმა უმასპინძლა და გარემო დაათვალიერებინა.
საკრებულოს წევრებმა და ბალნეოლოგიური დაწესებულების ხელმძღვანელობამ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.
როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულება ჩართულია ბავშვთა აბილიტაციის, რეაბილიტაციის და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით თბილისის ბალნეოლოგიურ დაწესებულებაში, სადაც ადგილზე გავეცანით იმ უნიკალურ გამაჯანსაღებელ და სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცედურებს, რომლებიც აქ ტარდება. აღსანიშნავია, რომ დაწესებულება ჩართულია ბავშვთა აბილიტაციის, რეაბილიტაციის და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში, რაც ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ერთობლივი პროექტების დასაგეგმად სამუშაო შეხვედრები უახლოეს მომავალში გაიმართება“- განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.