27 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვია.
საკრებულოს წევრებს ინსტიტუტის დირექტორმა მზია ქუთათელაძემ უმასპინძლა და სტუმრებს დაწესებულების საქმიანობის, პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ინსტიტუტის ხელმძღვანელობას შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ბაქტერიოფაგიის კლინიკა, ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ფაგოთერაპიის ცენტრი დაათვალიერეს, ისაუბრეს საზოგადოებისა და მეცნიერებისთვის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე.
„გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ამჟამად მრავალი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება. ადგილზე ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო ლაბორატორია. ერთსა და იმავე ტერიტორიაზე თავმოყრილია ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი, ფაგური პრეპარატების წარმოება, ფაგოთერაპიის ცენტრი - სამკურნალო დაწესებულება და აფთიაქი. მსგავსი ინსტიტუტის არსებობას ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ინსტიტუტში ყოფნისას ბექა მიქაუტაძემ.