08 სექტემბერი 2023
ბათუმში მიმდინარე საქართველო-ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია CORLEAP-ის მე-12 შეხვედრის ფარგლებში დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო კონფერენცია „მუნიციპალიტეტების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში“.
CORLEAP-ში საქართველოს თანათავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილი მაღალი დონის ღონისძიება ბათუმში გაიმართა და მასში ათეა-ს მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში (CORLEAP) და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები, ასევე დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და ათეა-ს მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე მონაწილეობენ.
კონფერენცია CORLEAP-ის თანათავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, და ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გახსნეს.
დღევანდელი კონფერენციის მოდერატორი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი იყო.
შეხვედრის მონაწილეებმა კარგ მმართველობასა და ტერიტორიულ განვითარებაში თვითმმართველი ერთეულების როლზე იმსჯელეს და ერთმანეთს აღნიშნული მიმართულებით საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საუკეთესო მაგალითები გაუზიარეს.
სესიები დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის - CORLEAP-ის - დელეგაცია საქართველოს 6 სექტემბერს ეწვია.
7 სექტემბერს დელეგატებმა CORLEAP-ის ყოველწლიურ, რიგით მე-12, შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა და ორგანიზაციის 2023-2024 წლების განახლებული სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
ამავე შეხვედრაზე CORLEAP-ის თანათავმჯდომარის სტატუსის გადაბარების ცერემონიაც გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. როტაციის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, თანათავმჯდომარის სტატუსი საქართველომ ამჯერად უკრაინას გადააბარა.
CORLEAP-ის დელეგაცია საქართველოს 9 სექტემბერს დატოვებს.