18 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოს წევრი ანა გოგოლაძე არასამთავრობო ორგანიზაციის „წითელი ხიდი“ სამოქალაქო განვითარების სკოლის მონაწილეებს შეხვდა.
შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა სტუმრებს თბილისის საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობებისა და თვითმმართველობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ანა გოგოლაძემ სტუდენტებთან და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
შეხვედრის მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფა, ევროპული ღირებულებების გაზიარება და მათთან ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე საუბარი იყო, როგორიც აქტიური მოქალაქეობა, დემოკრატია და პროფესიული განვითარებაა.
კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე მონაწილეების შეკითხვები ინკლუზიურ პოლიტიკას, ადამიანის უფლებებს, ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის სამუშაო პროცესს და ადგილობრივ პოლიტიკას შეეხო.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა და მოსწავლეებმა თბილისის საკრებულოს შენობა დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ.