თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოს ფრაქციის „რესპუბლიკელები“ წევრებთან - ხათუნა სამნიძესთან, ტრისტან ჯინჭარაძესთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. საკრებულოს წევრებმა კომპანიასთან „სითი პარკი“ კონტრაქტის გაუქმებისთვის საჭირო 25 მილიონი ლარის მოძიების ოთხი გზა წარადგინეს.
ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, მიზნობრივი ტრანსფერით საქართველოს ბიუჯეტიდან, პირობიანი ახალი ტენდერის გამოცხადებით, 2017 წლის თბილისის ბიუჯეტში გათვალისწინებული 20 მილიონიანი ხარჯების ეკონომიით და 2016 წლის თბილისის ბიუჯეტიდან გარდამავალი 30 მილიონიანი ნაშთით, აღნიშნული კომპანიისთვის კონტრაქტის შეწყვეტისათვის პირგასამტეხლოს გადახდა სრულიად რეალურია.
საკრებულოს წევრების თქმით, ერთ-ერთი შეთავაზება, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე გაგზავნილია, ხოლო სრულად წინადადებები, დედაქალაქის მერს საკრებულოში თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს წარედგინება.
„კომპანიასთან „სითი პარკი“ ხელშეკრულების გაწყვეტა სრულიად რეალურია და ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. ოთხი გზა უკვე არსებობს თუ როგორ გავისტუმროთ ეს კომპანია ქალაქიდან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შეთავაზებას თბილისის მერია მიიღებს“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.