23 ივნისი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ შშმ პირთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ადგილობრივ დონეზე მათი უფლებების დაცვის შესახებ გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(ათეა) ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა, შშმ პირთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად ადგილობრივი ხელისუფლების როლზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მოქალაქეებთან ყველაზე ახლოს არიან, შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ შშმ პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაში, უზრუნველყონ მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გაზარდონ ხელმისაწვდომობა სოციალურ უფლებებზე.
მონაწილეებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ადამიანის უფლებებში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მომხსენებელმა ჰარალდ ბერგმანმა მიმართეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სემინარის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე მსჯელობის აქტიურად გაგრძელება. გიორგი ტყემალაძის თქმით, თანამედროვე ურბანული ცხოვრების განვითარება ინკლუზიური მიდგომების გარეშე წარმოუდგენელია. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოს მუნიციპალიტეტები სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას და მუნიციპალური სერვისების ინკლუზიურობის გაზრდას.
„ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა შესაძლო სფეროსა და სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის გაზრდა. ბოლო წლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად იქმნება სერვისები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებლობისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ათეა, როგორც მუნიციპალიტეტების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, აქტიურად არის ჩართული კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის პროცესში. გარდა ცალკეული სოციალური დაცვის და მატერიალური დახმარების პაკეტებისა, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება პროგრამები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს სპეციალური საჭიროების მქონე პირების მაქსიმალურ ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძის თქმით, ის პროგრამები, რომლებსაც ამჟამად მუნიციპალიტეტები ახორციელებენ, ვერ იქნება საკმარისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, სპეციალურ საბჭოებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიზანიც შშმ პირებისთვის ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად კონკრეტული წინადადებების შემუშავებაა.
„მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან, რაც დაგვეხმარება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა და მიდგომების დახვეწაში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.