25 ნოემბერი 2025 ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა. თბილისის საკრებულო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ტრადიციულად წელსაც უერთდება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, განცხადებით, კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის / ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
კამპანიის ფარგლებში, ძალადობის პრევენციის მიზნით თბილისის საკრებულოსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით, საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.